ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე კონგრესმენმა ჯო უილსონმა მკაცრად გააკრიტიკა “ქართული ოცნება” და აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველმა ძალამ ქვეყანა ჩააყენა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ვალის მონობაში“.

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართული ოცნების“ დიქტატურამ თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა. ეს კეთდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინური „ვალის ხაფანგის“ დიპლომატია ან რუსული ოლიგარქია“, — განაცხადა უილსონმა ამერიკაში ბაზირებული ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით.

კონგრესმენის თქმით, მაშინ როცა რუსეთი დიდი ხანია განიხილება ოპერაციების ბაზად და სიმდიდრის წყაროდ, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ სწორედ ჩინეთი გახდა რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. უილსონის განმარტებით, პეკინი უზრუნველყოფს „ქართულ ოცნებას“ თვალთვალის ტექნოლოგიებით, პროპაგანდისტული არხებითა და ფინანსური მხარდაჭერით, რაც პროამერიკული ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მმართველობის გასამყარებლადაა საჭირო.

უილსონმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებას და დონალდ ტრამპის პოლიტიკას:

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მართებულად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიასა და „შუა დერეფანს“ ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ კი, ფაქტობრივად, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომას „შუა დერეფანზე“ ახლა არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს“.

ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სამთავრობო სააგენტო, რომელიც 1976 წელს შეიქმნა.

მისი ძირითადი დანიშნულებაა თვალი ადევნოს ჰელსინკის შეთანხმების (1975 წ.) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კომისიაში წარმოდგენილია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება.

კომისიის საქმიანობა მოიცავს ეუთოს 57 წევრ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) სამი ძირითადი მიმართულების მონიტორინგს: სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება: შეიარაღების კონტროლი და კონფლიქტების პრევენცია; ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თანამშრომლობა: კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური კავშირები; ადამიანის უფლებები: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მედიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

კომისია რეგულარულად მართავს მოსმენებს, გამოსცემს ანგარიშებს და ამზადებს რეკომენდაციებს აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესისთვის. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ბოლო პერიოდში კომისია აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის დემოკრატიის მდგომარეობასა და საგარეო ვექტორის ცვლილებას.