აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თეთრი სახლის მრჩევლის პოსტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ითავსებს, ენდრიუ ბეიკერი კი მოადგილეა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო; ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, „შუა დერეფნის“ განვითარებასა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.
„შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესსა და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თანახმად, მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ის წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს“, — აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV და საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს.
