ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მისი საჩივრის განხილვაზე.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ განიხილოს მზია ამაღლობელის საჩივარი, კიდევ ერთი დარტყმაა არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის. ეს საქმე არასდროს ყოფილა სამართლებრივი პროცესის შესახებ, და კვლავ ვხედავთ, ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი როგორ გამოიყენება საქართველოში დარჩენილი თავისუფალი პრესის დასაშინებელ მაგალითად. ჩვენ გავაგრძელებთ ამაღლობელის სამართლიანობისთვის ბრძოლას და მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, გააძლიერონ მცდელობები მისი უპირობო გათავისუფლებისთვის“, — განაცხადა CPJ-ის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ფიონა ობრაიენმა.

უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო