თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის დანაყოფებმა გაანეიტრალეს ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც, ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჩვენი შესაძლებლობები ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმაღლეს დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მას შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად ყველა ნაბიჯი გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე გადაიდგმება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას“, — ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ანკარა ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევს. თურქეთი აცხადებს, რომ ამ კონტექსტში გააგრძელებს კონსულტაციებს ნატოსთან და სხვა მოკავშირეებთან.
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას , და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები.
