„ქართულმა ოცნებამ“ გაერთიანებული სამეფოს მიერ „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას პოლიტსაბჭოს განცხადებით უპასუხა.

პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი და, რაც მთავარია, შევჯერდით პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაზე, რომელიც უკავშირდება გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელევიზიის სანქცირებას“, — განაცხადა კობახიძემ.

ვრცელ განცხადებაში, რომელიც მან წაიკითხა, „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს ოპოზიციას და კვლავ ავითარებს შეთქმულების თეორიას „დიფ სთეითის“ შესახებ. კობახიძის მტკიცებით, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო „დიფ სთეითმა“ და არა — დიდმა ბრიტანეთმა.

[toggle title=”ჩამოშალეთ: ქართული ოცნების“ განცხადება სრულად”]
„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.

ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელსაც ქართველმა ხალხმა გასული ორი წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარი ნდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა არაფერი აწუხებს.

ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასთვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია — მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა.

ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კი უტყუარად გვასწავლა, რომ ყველა პასპორტით ქართველმა, რომელიც ამ ქვეყანაში უცხო ძალების მხარდაჭერით და მითითებებით შემოვიდა და მოქმედებდა, მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და მონობა მოიტანა.

რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას. ამ ფონზე, გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე.

საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ. გარე ძალაში, რა თქმა უნდა, ის ძალა იგულისხმება, რომელიც ადგილობრივ აგენტურას აძლევს დავალებას, ამავდროულად კი არწმუნებს, რომ ახლაც და მომავალშიც, დავალებების უპირობოდ შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, თუმცა მუშაობით არა საქართველოსთვის, არამედ მათი ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ. ამ ძალებს „დიფ სთეითს“ დავარქმევთ, გლობალურ ომის პარტიას თუ ოლიგარქ ოჯახებს, ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი, არაფორმალური ძალაა ჩაბუდებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში.

საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“, თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება. აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით დემონსტრაციულად დახურეს რევოლუციის დამფინანსებელი ფონდები, მათ შორის USAID და NED. თანაც დახურეს ისე, რომ ღიად ამხილეს მათი ფარული ჩარევები უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რევოლუციების მოწყობასა და მთავრობების ძალადობრივ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლაში. არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.

რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99%-ით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობს საკუთარ მომსახურებას, მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან გათავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს“.[/toggle]

ირაკლი კობახიძის თქმით, „ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას და არის მარტივი კოორდინაცია“.

„ამაზე ხშირად საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი. ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ. დიფ სთეითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას“, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ექნებოდა თუ არა სანქციების დაწესებამდე გაერთიანებულ სამეფოს კოორდინაცია ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, კობახიძემ უპასუხა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია დიფ სთეითიდან. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება. ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“. ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ, თუმცა ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძისვე თქმით, სანქციების მიუხედავად, საქართველო რჩება „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში და ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ აპირებს.


24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.

დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.