გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების გამო.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, სანქციებს სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მან „გასაოცარი“ უწოდა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიების სანქცირების შესახებ.
„სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ხელჩართულ ბრძოლაშია ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, თუ სანქციების მიზანი რუსეთის დამარცხებაა, ქართული ტელეკომპანიების დასანქცირება ცინიკურია.
„სერიოზულად როგორ შეიძლება შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.
დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
