„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ისგან პასუხი მიიღეს, რომ არ გადახედავენ საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საპასუხო მიმართვას ამზადებს და ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მიჰყვება.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი. მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია არის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით ამ პროცედურებს. იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ კიდევ ერთხელ ეს საკითხი, შიდა რეგულაციის მეორე დონეზე. ჩვენ დიდი იმედი არ გვქონდა, რომ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, თუმცა მივყვებით ყველა პროცედურას. სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა. ასე რომ, აქაც ნახავთ მწარე მარცხს მათ მხრიდან“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ მალავდნენ რამდენიმე დღის წინ მიღებულ პასუხს, პაპუაშვილმა უპასუხა:
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ BBC-მ არ გამოიყენა ეს შანსი და, სხვათა შორის, ცალკე არგუმენტი მოგვცა დამატებითი, რომ წინასწარვე საკუთარი განწყობა გაამხილეს. მათ ყველაფერთან ერთად გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა არის ფარსი, რაც ბრიტანეთში არსებობს. ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაეზიანებინათ ქვეყანა, არ უნდათ ამას გადაუხვიონ. მივყვებით ყველა პროცედურას. ჩვენ ახლა BBC-ის იმედად ხომ არ ვიქნებოდით? დონალდ ტრამპს აკადრეს ისეთი ტყუილი, რომ მილიარდიანი სარჩელი ემუქრებათ და საქართველოსთან უკადრებელს რატომ არ იკადრებდნენ?!“ — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სამკვირიანი ვადა აქვს შემდეგი ეტაპისთვის, რაც არის BBC-ის შიდა, სხვა შემადგენლობით, რეგულაციის ინსტრუმენტის გამოყენება და გასაჩივრება. პაპუაშვილმა თქვა, რომ ბრიტანეთს აბსურდული წესები აქვს.
„პირველი დონე ეს იყო, რომ თავად ამ რედაქციამ განიხილა. მეორე ეტაპი არის, რომ სარედაქციო კოლეგიას დამატებული ვიღაც გარე პირები, რომლებიც ასევე BBC-ის შიგნით არიან. ჩვენ არ ვჩქარობთ. რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს, იმიტომ რომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ შემდეგ პასუხისმგებლობა, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც მოპასუხე იქნება უკვე ბრიტანეთის სახელმწიფო და სახელმწიფო დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ, მათი გადასაწყვეტია — ჯობია აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ, რაც დააშავეს, ვიდრე გააჭიანურონ და ბოლოს უფრო დიდი ზიანი მიიღონ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი „კამიტი“ გამოიყენეს.
„ოცნება“ BBC-სგან ითხოვს, რომ საგამოძიებო ფილმი და მასთან დაკავშირებული მასალები შესაბამისი პლატფორმებიდან აიღონ და ბოდიში მოიხადონ.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
