საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე  ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

“ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ  დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ნათქვამია საგარეო უწყების 4 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში.