აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს.
„ის დასთანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა და გაცილებით მეტი შეიძინოს შეერთებული შტატებისგან და, პოტენციურად, ვენესუელისგან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელსაც ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ეწირება! პრემიერ-მინისტრ მოდის მიმართ მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის საფუძველზე, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო გარიგებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში და რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ საპასუხო ტარიფს — 25%-დან 18%-მდე. ისინი, თავის მხრივ, გააუქმებენ ტარიფებს და არასატარიფო ბარიერებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და მათ ნულამდე დაიყვანენ“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ინდოეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ მოდიმ აიღო ვალდებულება, შეიძინოს 500 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული პროდუქცია, მათ შორის ენერგორესურსები, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ნახშირი.
ნარენდა მოდიმ, თავის მხრივ, თქვა, რომ შეთანხმების მიღწევით „მოხარულია“.
„მოხარული ვარ, რომ ინდოეთში წარმოებულ პროდუქციაზე ტარიფი 18%-მდე შემცირდება. დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს ინდოეთის 1.4-მილიარდიანი მოსახლეობის სახელით ამ შესანიშნავი განცხადებისთვის. როდესაც ორი მსხვილი ეკონომიკა და მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიები ერთად მუშაობენ, ეს ჩვენს ხალხს სარგებელს მოუტანს და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს გააჩენს. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ინდოეთი სრულად უჭერს მხარს მის სამშვიდობო ძალისხმევას“, — დაწერა მოდიმ X-ზე.
ინდოეთის პრემიერმა თქვა, რომ ელის აშშ-თან თანამშრომლობის „უპრეცედენტო სიმაღლეზე“ აყვანას. მას არაფერი უთქვამს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის მზაობაზე.
აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წელს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა. ეს მოიცავდა 25%-იან საჯარიმო ტარიფსაც, რომელიც ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვას უკავშირდებოდა.
ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. 2022 წლის შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთზე დასავლური სანქციების დაწესების ფონზე, ინდოეთმა მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი დაბალი ფასის გამო. რუსულ ნავთობზე ინდოეთის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 35-40% მოდიოდა.
ცოტა ხნის წინ, ასევე, ევროკავშირმა და ინდოეთმა დაასრულეს მოლაპარაკებები ისტორიულ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA), რომელიც ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ოდესმე ორივე მხარის მიერ დადებულა და ითვალისწინებს ტარიფების შემცირებას საქონლის უმეტესობაზე.
