ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი განცხადებით ეხმაურება, რიგ აზერბაიჯანულ [haqqin.az], თურქულ [CGTNTURK-]  და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაუჭირა მხარი 7 აპრილს ერევანში ლგბტ საზოგადოების აღლუმის ჩატარებას, რაც მისი განმარტებით, არ შეესაბამება რეალობას.

“გავრცელებული მასალა შეიცავს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციური ჩარევის (FIMI) განსაკუთრებულ ნიშნებს და წარმოადგენს ჰიბრიდული ზეგავლენის კამპანიის კომპონენტს.

გამოცემის [თურქული] ავტორი, ოკაი დეპრემი, ადრეც მრავალჯერ ავრცელებდა სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ არასანდო და მანიპულაციური ინფორმაციას, რაც დადასტურებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციების მიერ.

ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაქვეითება, განსაკუთრებით არჩევნების წინ” ,- ნათქვამია განცახდებაში.

დღეს ტელეკომპანია “იმედმა”  და “Postv”-მ, არაპოპულარული თურქული მედიაგამოცემის ავტორის და სომხეთის ლგბტ თემის საკითხებზე შექმნილ ყალბ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა LGBT თემის აღლუმი დააანონსა.

მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არცერთი სომხური მედიაგამოცემის, მით უმეტეს, სომხური ოფიციალური წყაროების მიერ.

ნიკოლ ფაშინიანი, განსაკუთრებით უკანასაკნელ პერიოდში, საკუთარ თავს დასავლურ და არატრადიციულ ლიდერად წარმოაჩენს. შესაბამისად, LGBT აღლუმის თემის მისთვის “მიწებებით” “ოცნების” პროპაგანდა ქართულ საზოგადოებაში ირიბი შიშის განცდას აჩენს, თითქოს სომხეთი „არასწორი გზით მიდის“.