პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – აცხადებს შსს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს-ს კადრების განკარგულებაში.