გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეპრესიული კანონების გაუქმებისაკენ მოუწოდებს.
მერი ლოულორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, შეწყვიტოს დისკრედიტაციის კამპანია ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან.
განცხადება მერი ლოულორმა დღეს, 26 იანვარს, გაავრცელა, იმ დროს, როცა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) მიმდინარეობს.
„2021 წელს, საქართველოში ჩატარებული ბოლო „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის“ (UPR) შემდეგ, ჩემმა მანდატმა ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან 8 კომუნიკაცია დააინიცირა ან შეუერთდა მათ, თუმცა არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. მე ასევე ვეწვიე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო 2024 წლის მარტში ჩემი ანგარიში წარვუდგინე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
ჩემი ვიზიტის დროს მე დავაფიქსირე ადამიანის უფლებების დაცვის უფლების განხორციელების სივრცის სერიოზული შემცირება საქართველოში, რასაც თან ახლდა სამთავრობო რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების წინააღმდეგ.
2023 წლიდან უფლებადამცველები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ. 2025 წლის მაისიდან ძალაში შესული ეს კანონი აიძულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ „უცხოური ინტერესების“ გამტარებელ ორგანიზაციებად და წარადგინონ დეტალური ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების შეჩერება გამოაცხადა, მასობრივ პროტესტებს მოჰყვა ადამიანის უფლებების სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევები, ძალის გადამეტებული გამოყენება და ინფორმაცია დაკავების ადგილებში წამების შესახებ.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები შეკრებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის შესახებ, რაც სერიოზულად ზღუდავს ადამიანების შესაძლებლობას, დაიცვან ადამიანის უფლებები.
სამოქალაქო საზოგადოება ასევე გახდა ახალი კანონების სამიზნე, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრძალავს გრანტების მიღებას ან განახლებას მთავრობის თანხმობის გარეშე.
ამ კანონების პარალელურად, საქართველოში უფლებადამცველები გახდნენ დისკრედიტაციის კამპანიებისა და ყალბი სისხლის სამართლის საქმეების სამიზნე, მათ შორის „საბოტაჟის“ მუხლით. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები არიან ლგბტიქ+ (LGBTIQ+) უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ მეშვეობით“, – აცხადებს მერი ლოულორი.
გაეროს სპეციალური მომხსენებელის განცხადებით, საქართველომ შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს:
- გააუქმოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ბოლოდროინდელი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში;
- გააუქმოს ბოლოდროინდელი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში;
- გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“;
- გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციონირებას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას;
- იმუშაოს ქვეყნაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციაზე;
- სრულად დააზღვიოს მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავი შეიკავოს პროტესტანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან;
- შეწყვიტოს დისკრედიტაციის კამპანია ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან.
