ტელეარხ „დოჟდის“ ცნობით, საქართველოში, მოსკოვის თხოვნით, დააკავეს მიხაილ ტიმოფეევი, პირი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო თბილისში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

„დოჟდის“ ინფორმაციით, მიხაილ ტიმოფეევს საქართველოში სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. როგორც მედია იუწყება, ინტერპოლის მიერ გაუქმებული ძებნის ორდერის მიუხედავად, შესაძლოა მისი რუსეთში ექსტრადიცია მოხდეს.

„დოჟდის“ თანახმად, მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო და საქართველოში 2024 წლის მარტიდან ცხოვრობს. მათივე ცნობით, მიხაილ ტიმოფეევი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა დეკემბრის ბოლოს საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ამ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

„დოჟდის“ ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით დააკავეს, რომელიც ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილს ეყრდნობა.

„აღნიშნულია, რომ პატიმრობის ამ ვადის განმავლობაში მოსკოვს ეძლევა შესაძლებლობა, წარადგინოს მოთხოვნა ტიმოფეევის ექსტრადიციის შესახებ“, – წერს „დოჟდი“.

„დოჟდის“ ინფორმაციით, ტიმოფეევის დაცვის მხარემ უარი სასამართლოში გასაჩივრა, მაგრამ მიმდინარე პროცესის მიუხედავად, ტიმოფეევი გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

როგორც „დოჟდი“ წერს, ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პატიმრობაში მათ დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა და საჭირო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო.

ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს  და მათგან პასუხს ელოდება.

ფოტო: Komsomolskaya Pravda