ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქსავიე ბატელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან საუბარი საჭიროა, რადგან ამის გარეშე რთული იქნება მათი დარწმუნება იმაში, თუ რას აკეთებენ არასწორად.

ამის შესახებ მან „ევროსკოპს“ განუცხადა.

როგორც ქსავიე ბატელი ამბობს, ის ესაუბრა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით პოზიცია გაუზიარა.

„ქართველებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. არსებობს წესები, არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმები და მათ ისინი უნდა შეასრულონ. საქართველოსთვის განსაკუთრებული პირობები არ იქნება, ისევე როგორც ეს სხვა არცერთი ქვეყნის შემთხვევაში არ ყოფილა.

მე მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, რომ ჩვენ მათთან საუბარი გვჭირდება. თუ არ დაველაპარაკებით, რთული იქნება მათი დარწმუნება იმაში, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვწონს. მე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც ვენაში ვიყავი, იქ გაიმართა ეუთო-ს (OSCE) ბოლო შეხვედრა და ვუთხარი მას, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებისა და დემონსტრანტების მიმართ. ამის მიღება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია თავის საშინაო დავალებას შეასრულებს და ინფორმაციას მოგვაწვდის, თუმცა მხოლოდ საქართველოსთვის განსაკუთრებული წესი არ იარსებებს, ეს დანამდვილებით ასეა“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა და ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ევროკავშირისგან, ვიდრე 2023 წელს, სტატუსის მიღებამდე იყო.

ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისტემატური და მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და მიზანში იღებს LGBTIQ პირებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტება სრული დაუსჯელობით და ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა, კომისიის შეფასებით, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ ქცევის სტანდარტებს, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან.

გარდა ამისა, ევროკომისიის თანახმად, შეინიშნება მნიშვნელოვანი უკუსვლა იმ ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებულია პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში