“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე ფეისბუკზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიტიკური დებატების დაბრუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
“დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.
და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერს კობახიძე.
ის დებატების გაუქმებას ოპოზიციას, კერძოდ ნიკა გვარამიას აბრალებს. პოსტში საუბარი არ არის, როგორ წარმოუდგენია მას დებატების აღდგენა. გასული წლების განმავლობაში კრიტიკული და ოპოზიციური ტელევიზიები არაერთგზის აცხადებდნენ, რომ ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეთერებში იწევდნენ, თუმცა ეს უკანასკნელები არ მიდიოდნენ. მეორე მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მათ “ოცნების” ტელევიზიების გადაცემებში არასდროს იწვევდნენ.
