პროკურატურის განცხადებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე 4 პირს ბრალდება წარედგინა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ძალადობაში მონაწილე ოთხივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თვითმხილველების ცნობით, ორ სხვადასხვა მაგიდასთან მსხდომმა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა მუსიკის გამო იჩხუბეს. კერძოდ, პოლიციელთა ერთ ნაწილს მიხეილ შუფუტინსკის „უტკის“ მოსმენა უნდოდა, მეორეს კი — არა.
„ერთმანეთში წაკამათდნენ მუსიკასთან, „უტკისთან“ დაკავშირებით“, – აცხადებს თვითმხილველი.
