დღეს, 20 იანვარს, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის, 61 წლის ზურა მენთეშაშვილის საქმეზე  მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყო.

პროკურორმა მაია ჟვანიამ სასამართლოს წარუდგინა სხვადასხვა დოკუმენტი – ზურა მენთეშაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, პატაკი, ვიდეომტკიცებულებების დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის იდენტიფიკაციის ოქმი, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისთვის საჭირო მიმართვები, მოწმე პოლიციელების გამოკითხვის ოქმები და ა.შ.

“რაც ჩხრეკის ოქმში წერია, სრულად ტყუილია”, – მიუთითა მენთეშაშვილის ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ მოსამართლეს.

ადვოკატმა განმარტა, რომ მენთეშაშვილი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გათავისუფლებისთანავე, პირდაპირ იზოლატორში – სისხლის სამართლის წესით. ყველა ნივთი, რომელიც მას ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ჰქონდა, დალუქეს იქამდე, სანამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდნენ. შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაკავებისას ეს ნივთები თან ვერ ექნებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ იზოლატორიდან გამოსულ ზურა მენთეშაშვილს თან ჰქონდა ზურგჩანთა, საქართველოს და ამერიკის დროშები, გასაღები, პირბადე, მობილური ტელეფონი და ა.შ.

პროკურორმა განმარტა, რომ დღევანდელი სხდომისთვის განსაზღვრული იყო საქმის მთავარი გამომძიებლის დაკითხვა. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოცხადება ვერე შეძლო. შესაბამისად, მომდევნო სხდომა 30 იანვარს, 12:00 საათზე, სწორედ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

სხდომის დასასრულს ზურა მენთეშაშვილმა მოსამართლეს რამდენიმე წუთი სთხოვა.

“თურმე დაგიჭერიათ ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ღუპავდა […] თქვენი განათლების მე მჯერა და შეფასების უნარიც გადასარევი გექნებათ. აგერ, თქვენ უკან თემიდაა, მაგრამ ბოლო თქვენი ჩაქუჩი იტყვის თქვენს გადაწყვეტილებას […] მე ვხედავ, ჩემი სამშობლო როგორ ნაწილდება, მე ამას ხელჩამოშვებული ვერ ვუყურებ”, – თქვა ბრალდებულმა.

“ბო-ლომ-დე, აბა, არ მოიწყინოთ!” – მიმართა მის საგულშემატკივროდ მისულ მოქალაქეებს მენთეშაშვილმა დარბაზიდან გასვლამდე.

20 იანვრის სხდომა თითქმის 1 საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან თოვლისა და ყინვის გამო ბრალდებულის ციხიდან სასამართლოში დროულად გადმოყვანა ვერ მოხერხდა. დარბაზში შემოსვლისას მენთეშაშვილმა თითებით გულის ფორმა გააკეთა და ასე მიესალმა მის საგულშემატკივროდ სხდომაზე მისულ მოქალაქეებს.

ზურა მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით 2025 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ნორმა “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებულ წესით განიხილა და გასული წლის ოქტომბერში მიიღო. ცვლილება გულისხმობს, რომ თუ მოქალაქე განმეორებით დაარღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება. სწორედ ასე მოხდა მენთეშაშვილის შემთხვევაში.

პირველად, ადმინისტრაციული წესით ის 2025 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს და “გზის უკანონოდ გადაკეტვის” საფუძვლით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს კვლავ იმავე საფუძვლით დააკავეს და ამჯერად მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ზურა მენთეშაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.

ამავე თემაზე: