დღეს, 14 იანვარს, ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მოიცავს.

უკრაინისთვის 2026–2027 წლებისთვის საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე ევროპული საბჭო გასული წლის დეკემბერში შეთანხმდა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ევროკომისიამ ოპერატიულად მიიღო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც იძლევა გაძლიერებული თანამშრომლობის უფლებამოსილებას უკრაინისთვის სესხის გამოსაყოფად.

როგორც ევროკომისია აცხადებს, დღევანდელმა წინადადებებმა კიდევ უფრო დააკონკრეტა შეთანხმებული ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი.

შემოთავაზებული დახმარება ორ კომპონენტად დაიყოფა: დაახლოებით ორი მესამედი (60 მილიარდი ევრო) მოხმარდება სამხედრო დახმარებას, ხოლო დარჩენილი ერთი მესამედი (30 მილიარდი ევრო) — ზოგად საბიუჯეტო მხარდაჭერას.

„ეს მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, სახელმწიფოსა და ძირითადი საჯარო სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებაში, ასევე ქვეყნის მდგრადობასა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზასთან მის მჭიდრო ინტეგრაციაში.

კავშირი იტოვებს უფლებას, სესხის დასაფარად გამოიყენოს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. რეპარაციის სესხი, რომელიც 2025 წლის 3 დეკემბერს იქნა შემოთავაზებული, კვლავ დღის წესრიგში რჩება“ – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

შეთანხმება მიღწეულ იქნა „გაძლიერებული თანამშრომლობის“ ფარგლებში — ეს არის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ კონკრეტულ სფეროებში, როდესაც ცხადი ხდება, რომ ევროკავშირი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ვერ ახერხებს ასეთი თანამშრომლობის მიზნების მიღწევას გონივრულ ვადაში.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, ევროკომისიის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებები წარედგინა ევროპარლამენტსა და საბჭოს განსახილველად და მისაღებად.

იმისათვის, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა 2026 წლის მეორე კვარტალში დაიწყოს, აუცილებელია ამ აქტების სწრაფი მიღება.

ამის შემდეგ, კომისია მიიღებს შესაბამის საიმპლემენტაციო გადაწყვეტილებებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მომზადდეს სესხის პირველი ტრანშის გადასარიცხად საჭირო პროცედურები.

„როგორც ევროკავშირის სხვა ფინანსური მექანიზმების შემთხვევაში, ეს პაკეტიც დაეფუძნება მკაცრ პირობითობას. ეს მოიცავს „უკრაინის გეგმით“ გათვალისწინებულ ზომებს კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და კორუფციასთან საბრძოლველად“, – აცხადებს ევროკომისია.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინასა და უკრაინელებს, ჯამში, 193.3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს (მათ შორის 3.7 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებია) — რაც ნებისმიერ სხვა პარტნიორზე მეტია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, დღეს წარდგენილი მხარდაჭერის პაკეტი ფარავს უკრაინის მომდევნო ორი წლის საერთო ფინანსური საჭიროებების ორ მესამედს. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კოორდინირებული მხარდაჭერა და G7-ის მიერ აღებული ვალდებულებების დროული შესრულება კვლავ გადამწყვეტია“, – აცხადებს ევროკომისია.