„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ ჰუმანიტარული ტვირთის სახით უკრაინაში 9 გენერატორი გაგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინაში გენერატორების გაგზავნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით მოხდა.

„აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს. აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.