“რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხედავს პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს”, – განუცხადეს “იზვესტიას” [„Известия“] რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოსკოვის პოზიციით, პრობლემა ის არის, რომ თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უკავშირებს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას.

“რუსეთი კი ამ მოთხოვნას არარეალისტურად მიიჩნევს”.

“პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომელიც დიპურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს საქართველოსთვისვე საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი მიუთითებს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია”.

ამის მიუხედავად, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის, იმ მოცულობით, რამდენადაც ამას თბილისი თავად მიიჩნევს შესაძლებლად.

“ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელსაც, როგორც გვჯერა, ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს ამის მიღწევა”.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს მათი სუვერენიტეტი კიდევ ოთხ ქვეყანას აქვს აღიარებული: ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და სირიას. ამ ნაბიჯის საპასუხოდ საქართველომ 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან.