რა თქვა რეალურად ბაროზომ

ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანუელ ბაროზო  საქართველოს მოუწოდებს, გააკეთოს განაცხადი ენერგეტიკის თანამეგობრობის წევრობაზე. და არა ევროკავშირის წევრობაზე, როგორც გავრცელდა დილიდან ინფორმაცია  ქართულ საინფორმაციო საშუალებებში.

ბაროზომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გუშინ ბრუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

განცხადების ტექსტსა და ვიდეოში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ბაროზო ამბობს, რომ ენერგორესურსების დივესრიფიკაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საკვანძო პრიორიტეტია მარშრუტების განვითარება სამხრეთული დერეფნის მიმართულებით.

«ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს, რომელიც გადამწყვეტ სატრანზიტო როლს ასრულებს. მე მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად მიმართოს ენერგეტიკულ თანამეგობრობას გაწევრიანების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სამომავლო ურთიერთობების განვითარებას და გააძლიერებს საქართველოს მიმზიდველობას ენერგო ინვესტიციებისთვის. მე, ასევე, ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც ამასვე განაცხადებს. ევროკომისია გააგრძელებს ომის შემდგომი დახმარებისთვის განკუთვნილი პაკეტის განხორციელებას, გამოყოფილი 483.5 მილიონი ევროდან თითქმის 97% უკვე განხორციელებულია».