„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში იმ პირების სიას წარუდგენენ, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.
გორდულაძის თქმით, „ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევდეს, რომ ისინი თავიანთი საქმიანობით სრულად თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან.
„პირთა სია, რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებსითად.
პირდაპირ არის ჩამოთვლილი, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები. კრებსითად ესენი არიან: [პარტიის] წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები და სხვადასხვა უფლებამოსილება, რომლითაც სხვები სარგებლობენ.
თითოეულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალვის და უფლებების შეზღუდვის თაობაზე ან არშეზღუდვის თაობაზე. ეს იქნება დამოკიდებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით და იმდენად ცალსახაა რომ თითოეული პირის თუ პარტიის აფილირება „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ და გაწევრიანებულია „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.
პარალელურად „ოცნება“ იღებს ცვლილებებს, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.
