ახალი ამბები

ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ქართულ მედიებზე განგაშის სიგნალი ჩართო

6 ოქტომბერი, 2025 •
ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ქართულ მედიებზე განგაშის სიგნალი ჩართო

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქართული მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ, ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო.

ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის განცხადებით, შემოწმების თაობაზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შეტყობინებების გაგზავნა მედიის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული.

საუბარია „გრანტების შესახებ“ კანონის ფარგლებში მიღებულ შეტყობინებებზე, რომლითაც ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიებისგან ინფორმაცია მოითხოვა.

როგორც ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა აღნიშნავს, სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების შემოწმებები.

„8 სექტემბერს დაახლოებით 30-მა ორგანიზაციამ, მათ შორის ჯგუფებმა, რომლებიც უშუალოდ უჭერენ მხარს მედიის თავისუფლებას და ინფორმაციაზე წვდომას, განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს შემოწმების შეტყობინებები, რომლებიც მოითხოვდა დეტალურ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.

მიზანში ამოღებულ ორგანიზაციებს შორისაა: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიაცენტრი კახეთი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), Rights Georgia, სამოქალაქო იდეა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

შემოწმების მოთხოვნების  სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბიუროს შუამდგომლობები 9 ორგანიზაციის წინააღმდეგ და მათ შესრულება დაავალდებულა.

2 ოქტომბერს დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ OC Media-მ განაცხადა, რომ სამიზნე რამდენიმე ონლაინ მედიაორგანიზაციაც გახდა, მათ შორისაა: „პროექტი 64“; ორგანიზაცია, რომელიც მართავს „მთის ამბებს“,  და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის მედიაცენტრი, რომელიც მართავს საგამოძიებო გამოცემა iFact-ს.

OC Media-სა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანახმად, 60-ზე მეტ მედიასაშუალებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას დაევალა დონორებისა და გრანტების მონაცემების გამჟღავნება. ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა კონტრაქტები, ბიუჯეტები, განაწილების გრაფიკები, სამუშაო გეგმები და განხორციელების ანგარიშები, თუმცა შესასრულებლად მხოლოდ სამი სამუშაო დღე მისცა. წერილებში არ იყო მითითებული მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. გამოცემების რედაქტორებმა და დამფუძნებლებმა მოთხოვნები თვითნებურად, არაპროპორციულად და კონფიდენციალურობის დაცვის დარღვევად შეაფასეს“, – ნათქვამია ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის განცხადებაში.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს უცხოური დონორების გრანტებთან დაკავშირებული ახალი შემზღუდავი კანონები.

CPJ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალებები უცხოური დონორების დაფინანსებაზე იყო  დამოკიდებული.

„გასაკვირი არ არის, რომ  დაფინანსების შესახებ ახალი რეპრესიული კანონების პირველი სამიზნეები არიან ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი დამოუკიდებლობით ან სენსიტიური თემების გაშუქებით.

საქართველომ უნდა გააუქმოს გრანტების შესახებ კანონში, ასევე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონში შეტანილი შემზღუდავი ცვლილებები და დამოუკიდებელ მედიას მისცეს უფლება, იმოქმედოს შევიწროების გარეშე“, – განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

CPJ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ  „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების მიღების შემზღუდავი კანონები  პრესის თავისუფლების მკვეთრი შემცირების ნაწილია.

CPJ-ს განცხადებით,  კომენტარისთვის ელფოსტა გაუგზავნეს ანტიკორუფციულ ბიუროს, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღიათ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების შესახებ“ კანონის ფარგლებში ხუთ მედიასაშუალებას გაუგზავნა შეტყობინება და მათგან ვრცელი ინფორმაცია მოითხოვა. ეს მედიებია: iFact, „მთის ამბები“, „ფლანგვის დეტექტორი“, „რეალპოლიტიკა“ და პროექტი 64.

მასალების გადაბეჭდვის წესი