ასაფ ჩირაგოვმა, რომელიც „ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი იყო, „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ამით ბოლნისი გახდა 29-ე მუნიციპალიტეტი, სადაც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში კოორდინირებულად მონაწილეობენ, მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ.
„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ ქართული ოცნების კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.
დღესდღეობით ნამდვილად არ არის კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირირსპირების დრო, ახლა ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის“, – აცხადებს ასაფ ჩირაგოვი.
4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტების 40%-ში ოპოზიციას მერობის კანდიდატი არ ჰყავს და მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მონაწილეობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. თუმცა პარტიების უმეტესობას მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები ჰყავდათ. ჯამში, თბილისს მერობის 9 კანდიდატი ჰყავს.
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში კოორდინირებულად მონაწილეობენ, მერობის კანდიდატები ასევე არ ჰყავთ ქარელში, ხაშურსა და ლენტეხში. მათ მერობის კანდიდატი, ჯამში, 29 მუნიციპალიტეტში არ ჰყავთ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მათ შორისაა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, გარდა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებისა. პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, მიაჩნიათ, რომ ეს არჩევნები „მორიგი რუსული სპეცოპერაციაა“. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძროაბას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“.








