ზურა მენთეშაშვილი 4000-ლარით დააჯარიმეს, ვეფხია ბეროზაშვილის სხდომა კი გადაიდო. სასამართლოდან ისინი პირდაპირ რუსთაველისკენ, საპროტესტო აქციაზე წავიდნენ – იქ, სადაც ორი დღის წინ, 16 აგვისტოს დააკავეს.
ორივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას – პოლიციელზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
შსს-ს წარმომდგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ზურა მენთეშაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყო. ხოლო ვეფხია ბეროზაშვილმა ხელი შეუშალა პოლიციელებს მენთეშაშვილის დაკავებაში. თავად ვეფხია შსს-ს პოზიციას უარყოფს და ამბობს, რომ მენთეშაშვილის დაკავებისას საპირისპირო მხარეს, ტროტუარზე იდგა.
ვეფხია ბეროზაშვილის ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი სხდომის გადადებას ითხოვდა, რათა მტკიცებულებების შესაგროვებლად და ინციდენტის მოწმეთა დასაიდენტიფიცირებლად დრო ჰქონოდა. ის მოსამართლეს, თორნიკე ქოჩქიანს უხსნიდა, რომ იმ პირობებში, როცა შსს-ს 48 საათი დაკავებული ჰყავდა მოქალაქე, 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ დაუსაბუთებლად გაუხანგრძლივეს პატიმრობა, შსს-ს ჰქონდა დრო და ბერკეტები მტკიცებულებების შესაგროვებლად, მასაც უნდა მისცემოდა იმავეს შესაძლებლობა.
ადვოკატი განმარტავდა, რომ ვინაიდან ვიდეოს, რომელიც შსს-მ საქმეში ჩადო პირველად სხდომათა დარბაზში, მოსამართლესთან ერთად ნახა, სჭირდებოდა დრო, რათა ვიდეოზე გამოსახული პირების ვინაობა დაედგინა და ისინი მოწმის სახით გამოეკითხა. მოსამართლე მას ეწინააღმდეგებოდა და ირწმუნებოდა, რომ როგორც შსს-ს, ისე დაცვას ჰქონდათ თანაბარი დრო და შესაძლებლობები მტკიცებულებების მოსაგროვებლად და ამ საფუძვლით სხდომის გადადება შეუფერებლად მიაჩნდა.
საბოლოოდ სხდომა გადაიდო, თუმცა, სხვა მიზეზით – განხილვისას ბეროზაშვილი შეუძლოდ გახდა. მან ჯერ შესვენების გამოცხადება ითხოვა, თუმცა შემდეგ ექიმის ჩარევა გახდა საჭირო. მანდატურებმა თქვეს, რომ სასამართლოს ექიმი შვებულებაში იყო. ამიტომ, სხდომის მდივანმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. მათი რეკომენდაციით სხდომა გადაიდო. საქმის განხილვა 29 აგვისტოს განახლდება.
ამავე თემაზე:
