პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.

“პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს გააცნო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ წინასწარი ხელმოწერა, ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების ლიკვიდაციის შესახებ ეუთოსადმი გაგზავნილი ერთობლივი მიმართვა, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ურთიერთობის საფუძველზე, ასევე „ტრამპის გზა, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ პროექტი.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება ახალ შესაძლებლობებს ხსნის არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. საუბრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტებსა და პოლიტიკურ დიალოგს”.

8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.

ამავე თემაზე:

„საქართველო სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგავს“ – ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე