საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Arabia აბუ-დაბიდან თბილისის მიმართყლებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აგვისტოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველომდე კვირაში 8 რეისი შესრულდება. უწყებს ცნობით, სამომავლოდ ფრენების სიხშირის 10-მდე გაზრდა იგეგმება.
“ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის”, – აცხადებენ აერპორტების გაერთიანებაში.
მათივე ცნობით, Air Arabia აბუ0დაბიდან ფრენებს ზრდის ბაქოს მიმართულებითაც.
“ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ მიზანს, გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და უზრუნველვყოთ მეტი კომფორტი და მოქნილობა მომხმარებლებისთვის.
ეს ორი დინამიკური ქალაქი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გააძლიერებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და შექმნის უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ მგზავრობის გამოცდილებას”, – Air Arabia ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ადელ ალ ალის ამ განცხადებასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Air Arabia ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში 10 წელზე მეტია მუშაობს და ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი საქართველოს ბაზარზე Air Arabia-ს შვილობილმა ავიაკომპანიამ, Air Arabia Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს დააკავშირა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქები.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში 3 რეისს ასრულებდა. ამ ეტაპზე კი აბუ-დაბიდან თბილისამდე უკვე კვირაში 8 რეისი სრულდება. აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კიდევ რამდენიმე სიხშირის დამატებას განიხილავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
