უკრაინამ აზერბაიჯანთან გააფორმა გაზის ტრანსბალკანური მარშრუტით მიწოდების შეთანხმება.
28 ივლისს უკრაინული კომპანია “ნაფტოგაზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი კორეცკიმ განაცხადა, რომ გაფორმდა პირველი შეთანხმება კომპანია SOCAR Energy Ukraine-თან (აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობის კომპანიის “SOCAR”-ის შვილობილი). შეთანხმება ითვალისწინებს სატესტო რეჟიმში მცირე მოცულობის გაზის მიწოდებას უკრაინისთვის ტრანსბალკანური მარშრუტით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით.
კორეცკის თქმით, შეთანხმება წარმოადგენს “სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გზას უხსნის უკრაინასა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის” და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისთვის.
ოფიციალური ცნობით, ყოველწლიურად აზერბაიჯანი ევროპაში დაახლოებით 12 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს აწვდის, რომელთაგან უმეტესობას იტალია იღებს, ხოლო ბალკანეთში დაახლოებით 2-3 მილიარდი კუბური მეტრი მიეწოდება.
აპრილის მონაცემებით, უკრაინამ დაიწყო გაზის ჩატუმბვა მიწისქვეშა საცავებში, სადაც ამჟამად დაახლოებით 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ინახება. მოცულობა 1,5 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უკრაინამ ზამთრისთვის მინიმუმ 8 მილიარდი კუბური მეტრი უნდა დააგროვოს, რაც საკმარისი იქნება თბილი ზამთრისა და სტაბილური მიწოდების პირობებში.
