სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გავრცელებული პრაქტიკა – გარკვეული ხელსაწყოებით ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების გაზომვა არ არის სარწმუნო. უწყებაში ამბობენ, რომ ამით მომხმარებლები შეცდომაში შედიან.

სააგენტოში ამბობენ, რომ ყოველწლიურად ამოწმებენ ხილისა თუ ბოსტნეუყლის 400-მდე ნიმუშს სხვადასხვა მაჩვენებლის გამოსაკვლევად. საუბარია სეზონურ ხილზე, ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე.

უწყების ცნობით, მხოლოდ ივლისის თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს 84 ნიმუში, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ხოლო კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისინი უკვე ამოღებულია ბაზრიდან.

“სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. ივლისში სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში)”, – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.