პარტია „დროას“ ლიდერის, ქეთი ბარბაქაძის განცხადებით, პარტიის ანგარიშს ყადაღა 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გადაუხდელობის გამო დაადეს.
მისი თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პარტიამ თბილისის ოლქების გადათვლასთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივრები შეიტანა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მაშინ პარტიას საჩივრების შეტანისას 50 ლარის ოდენობის ბაჟი უნდა გადაეხადა.
თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, ყადაღის დადებამდე, ჯერ პარტიისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ მსგავსი თანხა ჰქონდათ გადასახდელი, რაც არ მომხდარა.
„2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჩივრები შეგვქონდა სასამართლოში უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. აღსრულების ეროვნულ ბიუროში რომ გავარკვიეთ, რატომ დაგვაყადაღეს, მიზეზი ის იყო, რომ 50 ლარი გაქვთ ბაჟი გადასახდელიო. ეს არის ნაძალადევის ოლქის საჩივრების გამო. ოღონდ ჩვენ მსგავსი შეტყობინება არ მიგვიღია, რომ გადასახდელი გვქონდა ეს თანხა და პირდაპირ აღსრულებაზე წავიდნენ. თან დღეს ელენეს პირადი ანგარიშებიც დააყადაღეს და დაემთხვა, რომ ასე პარტიის ანგარიშიც 4 წლის წინანდელი საჩივრის გამო დააყადაღეს.
ჩვენ მაშინ თბილისის ათივე ოლქი გვქონდა გასაჩივრებული და ეს არის ნაძალადევის ოლქის და კიდევ იქნება დამატებით 9 ოლქის [გადასახდელი] გადმოგზავნილი სასამართლოდან და წარმოებას ახლა დაიწყებენ. ჯერ არ ვიცით, ჯამში, რა თანხა აქვს პარტიას გადასახდელი, სავარაუდოდ, იმ 9 ოლქის საჩივარზეც 50 ლარი იქნება.
უბრალოდ, ჯერ არის ნებაყოფლობით აღსრულება, რა ეტაპიც ჯერ არ გაუვლიათ, ანუ ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ, რომ მსგავსი თანხა იყო გადასახდელი და ჯერ არ მინახავს სასამართლოს აქტი, რამდენად სწორად არის იურიდიულად ეს თანხა დაკისრებული. ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. საერთოდ სასაცილოა, რომ 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გამო ახლა შეუტყობინებლად გაყადაღებენ“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ქეთი ბარბაქაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყადაღა „დროას“ ანგარიშებს ადევს, რადგან პარტიას ქონება არ გააჩნია.
რაც შეეხება „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშების დაყადაღებას, იურისტის თქმით, მიზეზი ჯერ არ გაურკვევიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უნდა უკავშირდებოდეს ხოშტარიას მიერ სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას.
