რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი აფხაზეთში ჩავიდა.

დღეს სოხუმში რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის „სამთავრობოთაშორისი კომისიის“ მე-20 სხდომა იმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე ნოვაკმა განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთისთვის სანდო და მეგობრული პარტნიორია.

„ჩვენ გვაქვს საერთო იდეები, საერთო ინიციატივები, ერთნაირი ხედვა დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობაზე, იმაზე, რომ მსოფლიო უნდა იყოს მულტიპოლარული. ცალკე მადლობას ვუხდით აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის მხარდაჭერისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში და ვაფასებთ აფხაზების მონაწილეობას ამ ოპერაციაში“, – აღნიშნა მან.

რუსეთის დელეგაცია მივა ოჩამჩირის პორტშიც, სადაც რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნაა დაანონსებული. ნოვაკი მოინახულებს სოხუმის აეროპორტს, რომელმაც 1-ელ მაისს გააახლა მუშაობა.