შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე წერენ, რომ დღეს სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას მეორე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
შსს-ს ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად კვლავ განაგრძობენ ძებნის სამუშაოებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, – წერია უწყების განცხადებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა.
მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ მერიაში იცოდნენ და ეს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და ერთ ადამიანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ამას, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს.
ავარიული შენობა-ნაგებობები საკმაოდ ბევრია მუნიციპალიტეტში. პროგრამა, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ, ამ ადამიანებს სთავაზობს კორპუსის ჩანაცვლებამდე ქირით გადასვლას”, – თქვა კალაძემ მედიასთან.
შს მინისტრის, გელა გელაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით”, – განაცხადა მან.
