აქტივისტ მაგდა მამუკაშვილს დაუყადაღეს საცხოვრებელი სახლი, მანქანა, ანგარიშები, “25%-იანი წილი კომპანიაში, რომელიც 12 წელია გაჩერებულია და ნულოვან მოგებაზეა”. ამის შესახებ მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თიბისიმ ანგარიშები დამიყადაღა, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” თქმის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ რეჟიმის მსახურები არიან, ვიცით, თქვენ რატომ აღასრულებთ არაღიარებული რეჟიმის გადაწყვეტილებებს?! რატომ იღებთ მონაწილეობას რეპრესიული მექანიზმის მუშაობაში?
კი ინგლისის სანქციებიც აქვს ამ რეჟიმს, ეგ რანაირად არ გადარდებთ?! თან იპოთეკური სესხი მაქვს 2037 წლამდე უდიდეს პროცენტში. თან გიყაღებენ ანგარიშს და თან 25 რიცხვში მოგთხოვენ, ფული გადაიხადეო. არ გადაიხდი და სახლს გაგიყიდიან ერთად და შეხმატკბილებულად აღსრულება და თიბისი. რაში ადარდებთ შენი მცირეწლოვანი შვილები. უნამუსობაა ეს და მეტი არაფერი, თიბისი. ამის მერე გააკეთეთ ხოლმე მრავალათასიანი პროევროპული რეკლამები და ააცრემლეთ აუდიტორია. ამ რეჟიმის მსახურებო!”, – წერს მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
სადაღის საფუძველი გახდა ჯარიმა, რომლის გადახდაზეც აქტივისტმა უარი განაცხადა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძელზე დაწყებულ სამართალწარმოებას მაგდა მამუკაშვილისა და 19 წლის სტუდენტი გოგოების – თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის წინააღმდეგ.
ლაშხმა მათ შეურაცხყოფისთვის უჩივლა. “ქართული ოცნების” დეპუტატმა შეურაცხყოფად მიიღო მათი შეძახილები: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“
ინციდენტი მოხდა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ არსებულ კაფეში. აქტივისტები წყლის საყიდლად შევიდნენ, ადგილზე კი ლაშხი დახვდათ. მათ გადაწყვიტეს “ქართული ოცნების” დეპუტატის წინ საკუთარი პროტეტსის დაფიქსირება, რაც შეძახილებით გამოხატეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ აქტივისტებმა კაფე დატოვეს. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა რომ ლაშხმა სამივე მათგანს უჩივლა. შედეგად, აფრიამაშვილსა და ლორთქიფანიძეს 12-12 დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ, მაგდა მამუკაშვილს კი, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედას, ჯარიმა – 4000 ლარი.
ამავე თემაზე: