„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა, მთავრობის წევრები ვიზებს იღებენ.
„ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მათი უფლებაა“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაში წასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება. ბოლო პერიოდში კობახიძე იმყოფებოდა იტალიასა და უნგრეთში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა იტალიაში, თქვა რომ მილანში „ჩვეულებრივი პასპორტით“ ჩავიდა.
„ვიზით არ წავსულვარ. საიდან მოიტანეთ, რომ ვერ შევდივარ? მაგალითად, ხვალაც ევროპაში მივდივარ“, — განაცხადა კალაძემ.
ევროკავშირმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
კერძოდ, ევროკავშირმა შეაჩერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ 2011 წლის შეთანხმების ნაწილი. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ — და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ — ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ინდივიდუალურად უნდა დაეწესებინათ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.
ლატვიის საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე პროცედურები დაასრულეს და საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი აღადგინეს ლატვიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და შვედეთმა.
განსხვავებულ სიას ავრცელებს „ევროსკოპი“, რომლის ინფორმაციით, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გადაწყვეტილება დამტკიცებული აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი (მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია და შვედეთი (აგვისტოდან შევა ძალაში).