აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ოდისეი ბიგვავასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კვლავ დაისვა IPRM-ის ფორმატის აღდგენის საკითხი.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის დღის წესრიგის განხილვა.
“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და დღის წესრიგში არსებული სხვა მნიშვნელოვანი თემები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს ურთიერთშეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობის შესახებ [შეწყდა 2018 წელს] “, – წერია სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. [მსგავსი ფორმატი მუშაობს ცხინვალის მხარესთან]
კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდი გაიმართება 2025 წლის 25-26 ივნისს ჟენევაში.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
