ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ე.წ. ქართული FARA-ს შესახებ.

მათი შეფასებით, ეს კანონი, “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ სხვა რეპრესიულ კანონებთან ერთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას.

“საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. “მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად.

ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან განიხილონ ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნების. საკითხი, თუ ქვეყანა გადადგამს რეალურ ნაბიჯებს დემოკრატიისკენ. ამ პროცესზე კი პასუხისმგებლობას სრულად აკისრებენ “ქართულ ოცნებას”.

“2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.

ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”, – წერია განცხადებაში.

დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შევიდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი – ე.წ. ამერიკული FARA-ს ასლი. ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. მაშინ, როცა “ქართული ოცნება” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით” ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგა, ევროკავშირისგან და სხვა სხვა საერთაშორისო მხარდამჭერებისგან მიღებული დაფინანსების, ამ გზით კი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს ცდილობს.

არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში  FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.

ამავე თემაზე: