“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი შესაძლოა გაიცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის პოსტში. მისი თქმით, ამის შესახებ საუბარი “მრავალმხრივ შეურაცხმყოფელია”.

“ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა ჩვენ ვიცით, ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მან არ უპასუხა დამატებით კითხვებს ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თქვა, რომ შეიძლება იცოდეს მეტი, ვიდრე საზოგადოებამ, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

“დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სახელმწიფო უსართხობეის სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე, ზოგადად, შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება”, – განაცხადა კობახიძემ.

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.

საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ “ქართულმა ოცნებამ” გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაუცვალა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის კანდიდატურაში – საამიროებმა უზრუნველყვეს ბაჩიაშვილის საქართველოს საზღვართან მიყვანა, სადაც ის სუს-მა დააკავა, სანაცვლოდ კი საქართველომ მხარს დაუჭერს მათ კანდიდატს UNWTO-ში.

ამ თანამდებობას ქართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან იკავებს. მეორე ვადა მას 2025 წლის ბოლოს ეწურება. პოლოლიკაშვილი საქართველოს სახელით მესამე ვადით იყო წარდგენილი იმავე პოსტზე ასარჩევად. თუმცა დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მის ნაცვლად საქართველოს სახელით მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს.

ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ არ ისურვა დეტალების განმარტება. კობახიძემ მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ გაიწვიეს უკან პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარდგენის შემდეგ. ის ირწმუნება, რომ “კონკრეტულმა სახელმწიფოებმა” დაიწყეს საქართველოს ელჩების დაბარება და უკმაყოფილებს გამოთქვა, რომ პოლოლიკაშვილს მესამე ვადით სურდა ამ თანამდებობაზე არჩევა.

ამავე თემაზე: