ახალი ამბები

დავით დოიაშვილი: ვიქნები თუ არა თეატრის ხელმძღვანელი, მეორეხარისხოვანია, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები

17 აპრილი, 2025 •
დავით დოიაშვილი: ვიქნები თუ არა თეატრის ხელმძღვანელი, მეორეხარისხოვანია, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც დოიაშვილის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნას აპროტესტებდნენ, სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ახლა მისი, როგორც ხელმძღვანელის, თანამდებობა მეორეხარისხოვანია და მთავარია, პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა, ამიტომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ.

ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, მეორეხარისხოვანია.

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარი არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!

ჩვენი თეატრისთვის ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ მაშინ, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი – ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. თუ მე ვიქნები ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამის გამო გააკეთეს ის, რაც გააკეთეს.

არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა დავდგა, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ “თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა”.

ახალი თეატრი ძალიან აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. მათ მოამზადეს საპროტესტო მანიფესტი, რომელიც არაერთ ქალაქში წარადგინეს.

აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი სინდისის პატიმარია ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი