ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის წევრები განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ქართული ოცნების” კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დავით დოიაშვილის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მათი თქმით, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებენ.
“დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ.
დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე.
ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის
და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს!
ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ!
არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ! ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე”, – განაცხადეს დასის წევრებმა ახალი თეატრის წინ გამართულ აქციაზე.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ “თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა”.
დავით დოიაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი არა მისი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნა, არამედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.