ახალი ამბები

“სოფლის ნობათში” ირწმუნებიან, პროდუქცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ მას გაყიდვიდან მაინც ამოიღებენ

3 აპრილი, 2025 •
“სოფლის ნობათში” ირწმუნებიან, პროდუქცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ მას გაყიდვიდან მაინც ამოიღებენ

“სოფლის ნობათი” ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კომპანიის წარმოების რძის პროდუქტებში ფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. ეს ნივთიერება ობის სოკოსგან წარმოიქმნება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროდუქტები საფრთხის შემცველი არ არის. თუმცა მაინც აპირებენ მათი გაყიდვიდან ამოღებას.

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან”, – ვკითხულობთ “სოფლის ნობათის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მათი თქმით, ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტები დაამზადეს, აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. “სოფლის ნობათში” ამბობენ, რომ წყვეტენ თანამშრომლობას აღნიშნულ აზერბაიჯანელ პარტნიორთან.

“ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე.

ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

დღეს, 3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “სოფლის ნობათის” პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში, აფლატოქსინი გამოვლინდა. აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი