ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შტაინმაიერის პოსტის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეომ გერმანიის ელჩი დაიბარა

1 აპრილი, 2025 •
შტაინმაიერის პოსტის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეომ გერმანიის ელჩი დაიბარა

გერმანიის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის შემდეგ, ზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი დაიბარა და მოითხოვა საჯარო ბოდიში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის Instagram*-ის ანგარიშზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშის გამოქვეყნების გამო. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

აზერბაიჯანში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რალფ ჰორლემანი, 31 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, უწყებამ დიპლომატს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალურ Instagram*-გვერდზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშის გამოქვეყნების გამო, რაც მოხდა სომხეთში მისი ვიზიტის დროს.

ბაქომ აღნიშნული პოსტი შეაფასა, როგორც „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა“ და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება ბერლინის განცხადებებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ, ასევე მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

„ელჩს განემარტა, რომ ეს არის ღია პოლიტიკური პროვოკაცია პრეზიდენტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის) რეგიონში ვიზიტის დროს და გერმანულმა მხარემ საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში აღნიშნული პოსტის გამო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 31 მარტს, სომხეთში ვიზიტისას, მის Instagram*-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ტექსტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშის ფონზე იყო დაწერილი [ამჟამად ეს პოსტი არ იძებნება].

„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომელთა განხილვა იგეგმება, არის სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის მისია, ორ ქვეყანასთან ურთიერთობები ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კონფლიქტი ეხება მთიანი ყარაბაღის რეგიონს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის. თუმცა იქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სომეხია. ბოლო ათწლეულებში არაერთხელ მოხდა შეიარაღებული კონფლიქტები“, – ეწერა პოსტში. მოგვიანებით აღნიშნული პოსტი შტაინმაიერის გვერდიდან წაიშალა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ შტაინმაიერის განცხადებები ყარაბაღელი სომხების შესახებ, „იმ პირობებში, როდესაც უგულებელყოფილია მილიონზე მეტი აზერბაიჯანელის უფლებები, რომლებიც იძულებით განიდევნენ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან“, მიუთითებს აზერბაიჯანისადმი მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე.

ოფიციალური ბაქოს პოზიციის მიხედვით, „კონფლიქტი წარსულში დარჩა“ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

გერმანიის ელჩს ასევე შეახსენეს, რომ „აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სახელწოდებით ‘მთიანი ყარაბაღი’“. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აუცილებელია თავი შეიკავოს არარსებული, პოლიტიკურად მიკერძოებული და ყალბი სახელწოდებების გამოყენებისგან აზერბაიჯანული ტერიტორიების მიმართ“, – აღნიშნულია პრესრელიზის დასკვნით ნაწილში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი აზერბაიჯანში 1-2 აპრილს არის დაგეგმილი. მთიანი ყარაბაღის შესახებ პოსტის წაშლის შემდეგ, მის Instagram*-გვერდზე დარჩა განცხადება, რომ გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი „პირველად სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს – გერმანიისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში“.

„თავისი ვიზიტით ფედერალური პრეზიდენტი შტაინმაიერი ცდილობს გააძლიეროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან. ასევე, მას სურს გააგზავნოს მხარდაჭერის სიგნალი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესისთვის“, – ნათქვამია პოსტში, რომელიც გერმანულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი