დღეს, 15 თებერვალს, აფხაზეთში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ასევე რუსეთში. თურქეთში ამჯერად აფხაზეთს უბნის გახსნის უფლება არ მიეცა [ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური თბილისი არ გაანაწყენა. მეორე ვერსიით, თურქეთში ოპოზიციური კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი].
ერთიან სიაში, ოფიციალური მონაცემით 134 500 ამომრჩეველი ირიცხება.
დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე დიდ კონკურენტებად აფხაზური საზოგადოება ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას მიიჩნევს. ბადრა გუნბა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაგუნდელია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბჟანიას ვადამდელი გადადგომის შემდეგ [საპროტესტო აქციების გამო გადადგა], დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ ის მიიჩნევა დღეს კრემლის ფავორიტად. დე ფაქტო არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდში, მოსკოვის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ მას როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში.
მეორე კანდიდატი ადგურ არძინბა ოპოზიციური კანდიდატია, რომელიც ასევე, საკმაოდ რეიტინგულია აფხაზურ საზოგადოებაში. ის ასევე ცდილობდა მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას და ეძებდა რუსულ მედიას, სადაც შეეძლო რუსეთთან კავშირის დემონსტრირება. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა RBK-სა და Interfax-ზე. არძინბას შტაბს პიარს უწევენ პირები, რომლებიც დონბასში აქტიურად მომუშავე ჟურნალისტები არიან. აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება არძინბას რუსოფობიაში ადანაშაულებდა, რადგან მან ხელი შეუშალა აფხაზეთში რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას და ასევე გააკრიტიკა შეთანხმება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ. სწორედ ამიტომ, ადგურ არძინბასთვის მნიშვნელოვანი იყო, რუსოფობის იარლიყი მოეხსნა საკუთარი თავისთვის. ანონიმური ტელეგრამ არხები ამკვიდრებდნენ მოსაზრებას, რომ თუ ხალხი აირჩევს ოპოზიციას, რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებაზე.
აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე მესამე პრეტენდენტი ოლეგ ბარციცია, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველეს, რომ ის საარჩევნო კამპანიაში მიიღებდა მონაწილეობას. მოსალოდნელი იყო, რომ 2020 წლის არჩევნებშიც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ გავრცელდა ჭორი, რომ მან ვერ ჩააბარა აფხაზური ენის თავისუფლად ფლობის გამოცდა, რაც მომავალი პრეზიდენტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა.
მეოთხე კანდიდატი აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რობერტ არშბაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას მხარს უჭერს ყოფილი პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც აფინანსებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ოთარ არშბა- თავის მხრივ, საკმაოდ მსხვილი ინვესტორი საქართველოში [ბათუმში რამდენიმე სასტუმროს მფლობელი]. მეორე ვერსიით, რობერტ არშბას პრეზიდენტად ასახელებენ პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა და მისი მოადგილე, ასტამურ არშბა. გავრცელებული ხმების თანახმად, ეს მათ სჭირდებათ, რომ აკონტროლონ სოხუმის ქალაქის ბიუჯეტი ლაშა აშუბას ძმის, ასტამურის მეშვეობით, რომელიც მერის თანამდებობისთვისაა მიჩნეული. ხოლო ასტამურ არშბა ქალაქ გაგრის მეთაურობას გეგმავს. ამგვარად, ისინი გახდებიან ფინანსური ნაკადების ხელმძღვანელი აფხაზეთის იმ ორ ქალაქში, სადაც ფული “კეთდება”, დანარჩენისგან განსხვავებით, რომლებიც სუბსიდირებულია.
კიდევ ერთი კანდიდატია ადგურ ხურხუმალი, წამგებიანი “შავი ზღვის განვითარების ბანკის” თავმჯდომარე. არსებული ინფორმაციით, მან ბანკს ასობით მილიონი რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს სესხების გამო, რომელთა დაბრუნებაც მოგვიანებით ვერ შეძლო. ოპოზიცია მას ადგურ არძინბას “სპოილერს “უწოდებს, ანუ კანდიდატს, რომელიც ხმებს წაართმევს ადგურ არძინბას, რომელიც შესაძლოა უყურადღებო ამომრჩევლებს ადგურ ხურხუმალში აერიოთ.
თუ პირველივე ტურში, დე ფაქტო სახელისუფლებო კანდიდატმა 50%-ზე ნაკლები ხმა მოიპოვა,მეორე ტური შედგება, რაც ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შანსებს ზრდის, რადგან სხვა დანარჩენი კანდიდატები სწორედ მას დაუჭერენ მხარს.
ასლან ბჟანიას ვადამდელ გადადგომას წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.
