მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების მონაწილე კიდევ ორი ადამიანი – თეიმურაზ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მათი დაკავებიდან, 30 ნოემბრიდან, თითქმის ოირ თვის შემდეგ, დღეს, 21 იანვარს ჩატარდა.
პროკურატურა ორივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. უფრო ზუსტად, უწყების ვერსიით, მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თეიმურაზ ზასოხაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრო, დავით ლომიძე კი – ვერა. მოსამართლემ წაიკითხა მის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომლის მიხედვითაც უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე და მის წარმომადგენლად ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილს ასახელებს. თავად ვარდიაშვილმა სასამართლოში გაიგო, რომ ბრალდებულ სხდომას არ დაესწრებოდა. მისი თქმით, მხოლოდ ის იცოდა, რომ დავით ლომიძე თავს ცუდად გრძნობდა – ხერხემალი სტკიოდა, რის გამოც გადაადგილება უჭირდა. თუმცა არ იცოდა, რომ ამ და/ან სხვა მიზეზით სხდომაში მონაწილეობაზე უარს იტყოდა.
ვარდიაშვილის განცხადებით, დავით ლომიძის ცუდად ყოფნის მიზეზი პოლიციელების მიერ მისი სასტიკად ცემა გახდა დაკავების დღეს. ვარდიაშვილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უყვებოდა “ნეტგაზეთს”, რომ ლომიძეს დაკავების შემდეგ ხელები ზურგს უკან ხამუთებით შეუკრეს, მიკროავტობუსში ჩასვეს და იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როგორც პროკურორი იძახის. შემდეგ, ნახეთ, რა ქნეს?! იზოლატორიდან ფეხი გამოაყოფინეს ამ ადამიანს, შემდეგ ისევ უკან შეაბრუნეს და უთხრეს, ახლა სისხლით ხარ დაკავებულიო. რეალურად გათავისუფლება არ მომხდარა. ისევ იზოლატორში მოხდა ეს ყველაფერი. 5 დღე ზედიზედ ჰყავდათ დაკავებული. და სასამართლო იძახის, რომ ეს ადმინისტრაციული დაკავების დროს არის ნაცემი და მე არ მეხებაო. მე, სისხლით როცა დააკავეს, ეგ მეხებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა იქ რა მოხდებოდა?!”, – უთხრა ვარდიაშვილმა “ნეტგაზეთს” ლომიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჯერ კიდევ დეკემბერში.
ადვოკატები მოითხოვდნენ როგორც ლომიძის, ისე ზასოხაშვილის გირაოთი გამოშვებას, პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი კი ამტკიცებდა, რომ ისინი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
საბოლოოდ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
საქმის არსებითი განხილვა თებერვალში დაიწყება.