ბათუმის საქალაქო სასამართლო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

მოსამართლეა ნინო სახელაშვილი. პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე მიიყვანეს ხელში წიგნით: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

პარალელურად, მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილმა დარბაზში შესვლა ადგილების ნაკლებობის გამო ვერ შეძლო.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას თვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.