ახალი ამბები

გვინდა, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს – პაატა ციკოლია

4 დეკემბერი, 2024 •
გვინდა, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს – პაატა ციკოლია

რეჟისორ პაატა ციკოლიას ინფორმაციით, ხვალ, 5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში შესაძლოა, დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ციკოლიამ თქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესაუბრნენ რუსთავლის თეატრის რეჟისორს, დავით საყვარელიძეს. ახლა ისინი თანხმობის მიღებას ელიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, რობერტ სტურუასგან.

“ჩვენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, დღეს გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავით რუსთაველის თეატრთან. იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრი არის ეროვნული თეატრი და ეს არის ეროვნული საკითხი. დღეს ვთხოვეთ რუსთაველის თეატრს – დავით საყვარელიძესთან, რეჟისორთან გვქონდა საუბარი -, ვთხოვეთ მას, რომ შევიდეთ, შევთანხმდეთ და დაგვითმოს რუსთაველის თეატრი ეროვნულ ყრილობას. ოღონდ ხვალისთვის. ახლა უსაფრთხო არ არის აქ ყოფნა. აგერ უზარმაზარი პროტესტია, შეიძლება ისევ დაარბიონ. ვერ დავპატიჟებთ ახლა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, ან კიდევ სხვა სფეროს წარმომადგენლებს – ექიმებს, პედაგოგებს, იურისტებს … ყველას.

გვინდა, რომ ხვალ, 4 საათისთვის, რუსთაველის ეროვნულ თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს. დავილაპარაკოთ ამაზე, ყველაფერზე და რაღაცა თანხმობა მივიღოთ. იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თანხმობა. არ გვინდა უთანხმოება. თანხმობა მოიტანს მშვიდობას და დავიცავთ ჩვენს ახალგაზრდებს იმ ხიფათისგან, იდეალებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, რომ რისკავენ ჯანმრთელობას, რომ რისკავენ თავისუფლებას და ჯვარი სწერია სულ ყველას – სიცოცხლეს რისკავენ.

ჰოდა, საკმარისია. ქართულმა საზოგადოებამ რამენაირად უნდა მოახერხოს, რომ რაღაცნაირად კონსოლიდირდეს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი ეს ეროვნული ყრილობა – რაკი, შემთხვევით, ლაპარაკში ასე დავარქვით –  ნამდვილად უნდა შედგეს და შედგება კიდეც. უბრალოდ, ველოდებით – დავით საყვარელიძე შევიდა, რომ რობერტ სტურუასგან აიღოს ნებართვა. სამხატვრო ხელმძღვანელია რობერტ სტურუა და ასე, 300 კაცი რომ შევიდეთ მისი ნებართვის გარეშე, არ შეიძლება. ველოდებით, რომ ნებართვას მივიღებთ, შევალთ, დავილაპარაკებთ და ხვალინდელ ეროვნულ ყრილობაზე შევთანხმდებით”, – ამბობს პაატა ციკოლია.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რეჟისორები და მსახიობები აქტიურად მონაწილეობენ პროევროპულ საპროტესტო აქციებში. დღეს არაერთმა მსახიობმა გაფიცვის შესახებ განაცხადა. ისინი გამოდიან თეატრებიდან და უერთდებიან მოქალაქეების პროტესტს ქუჩაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი