ახალი ამბები

როგორ გაინაწილეს თანამდებობები არაკონსტიტუციურ პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრებმა

25 ნოემბერი, 2024 •
როგორ გაინაწილეს თანამდებობები არაკონსტიტუციურ პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრებმა

“ქართული ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტში თანამდებობებზე ძირითადად პარტიის ძველი სახეები დარჩნენ: თავმჯდომარედ ისევ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, ვიცე-სპიკერად – ისევ გია ვოლსკი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ კი ისევ მამუკა მდინარაძე.

უცვლელია კომიტეტების ნაწილის თავმჯდომარეებიც. კომიტეტების ნაწილისთვის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს, თუმცა ისინი “ოცნების” ძველი სახეები არიან.

“ქართული ოცნების” ახალი სახეებიდან მხოლოდ ოთხს – შოთა ბერეკაშვილს, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძესა და ლევან მახაშვილს ერგოთ საპარლამენტო თანამდებობები. ისინი დარგობრივი ეკონომიკის, კულტურისა, იურიდულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს უხელმძღვანელებენ.

არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებად აირჩიეს:

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტიგელა სამხარაული (თანამდებობა შეინარჩუნა);
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი (თანამდებობა შეინარჩუნა);
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიგივი მიქანაძე (თანამდებობა შეინარჩუნა);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიმაია ბითაძე (თანამდებობა შეინარჩუნა);
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიშოთა ბერეკაშვილი. ის “ქართული ოცნების” ახალი სახეა – საარჩევნო სიის მე-16 ნომერი. ბერეკაშვილი ბიზნესმენია და ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის. ბერეკაშვილის ცოლისდა, ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
    შოთა ბერეკაშვილამდე ამ კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ირაკლი ზარქუა. მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს ბექა ოდიშარია ხელმძღვანელობდა, თუმცა ის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იყო. შესაბამისად, ახალ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდა.
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ლევან მახაშვილი. ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ახალი სახეა – საარჩევნო სიაში მე-17 ადგილს იკავებდა. მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტიალექსანდრე ტაბატაძე (თანამდებობა შეინარჩუნა)
  • იურიდიულ საქმეთა კომიტეტი – თავმჯდომარედ გიორგი კახიანი მხოლოდ 2 კვირით აირჩიეს. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ამ პოზიციაზე შერჩეული ჰყავთ არჩილ გორდულაძე, რომელიც პარტიული სიის 91-ე ნომერი იყო, ამიტომ ჯერჯერობით მისი უფლებამოსილების ცნობა ვერ მოახერხეს (ცესკოს შედეგების მიხედვით “ოცნებას” პარლამენტში 89 სკამი ერგება).
    მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებას შეუჩერებენ მაკა ბოჭორიშვილს, დავით სონღულაშვილს, ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, მათ პარლამენტში ჩაანაცვლებს სიის შემდეგი ექვსი წევრი, მათ შორის, არჩილ გორდულაძე. იქამდე კომიტეტს დროებით უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი.
  •  გორდულაძე რამდენიმე თვით მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, თუმცა მაინც “ქართული ოცნების” ახალ სახეებს შეიძლება მივათვალოთ. პარლამენტამდე თბილისის საკრებულოში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა.
    არჩილ გორდულაძემდე ამ კომიტეტს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა იუსტიციის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.
  • კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბუნია. ისიც პარტიის ერთ-ერთი ახალი სახეა. პროფესიით იურისტი, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მე-19 ადგილის დაკავებამდე პროსახელისუფლებო მედიაში აქტიურად ჩნდებოდა და მიმდინარევ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს საზოგადოება “ქართულის” თავმჯდომარის სტატუსით აკეთებდა.
    გიორგი გაბუნიამდე ამ კომიტეტს ელისო ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა.
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი. მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს კახა კახიშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა ის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იყო. შესაბამისად, ახალ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდა.
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე (თანამდებობა შეინარჩუნა).
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – დავით მათიკაშვილი. მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს ირაკლი ქადაგიშივლი ხელმძღვანელობდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მას ახლა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ჩააბარეს.
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე (თანამდებობა შეინარჩუნა).
  • სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე. მე-10 მოწვევის პარლამენტში სანიკიძე კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის პირველი მოადგილე იყო. მას შემდგე, რაც მეძმარიაშვილი “ოცნების” საარჩევნო სიაში აღარ მოხვდა, თავმჯდომარედ სანიკიძემ გადაინაცვლა.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ზაზა ლომინაძე (თანამდებობა შეინარჩუნა).

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შეინარჩუნა ნინო წილოსანმა. 25 ნოემბრის სხდომაზე იგივე პოზიციაზე აირჩიეს კულტურის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანიც.

დღეს, 25 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ შორის იმათიც, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც, რომლის თანამდებობებიც “ქართული ოცნების” წევრებმა საპროტესტო აქციის ფონზე გაინაწილეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი