საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გაასაჩივრა.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე დავა სასამართლოში იქნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არსებობს ამ ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება”, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.