ახალი ამბები

რას სწერს ოპოზიცია ბრიუსელს, რომელიც კობახიძემ სერგო ორჯონიკიძის გზავნილს შეადარა

18 ნოემბერი, 2024 •
რას სწერს ოპოზიცია ბრიუსელს, რომელიც კობახიძემ სერგო ორჯონიკიძის გზავნილს შეადარა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროევროპული ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი შეადარა ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძის მიერ მოსკოვში გაგზავნილ დეპეშას. კობახიძემ მთავრობის სხდომაზე არასწორი ინტერპრეტაციით და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ისაუბრა წერილის შესახებ.

“დღე, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები: მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს. არც მეტი, არც ნაკლები. მათ მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის; მათ მოითხოვეს 120-მილიონიანი დაფინანსების შეჩერება; ასევე, მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც გაუგზავნა სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ბრიუსელს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს”, – მისწერა სერგო ორჯონიკიძემ სტალინს მოსკოვში 1921 წლის 25 თებერვალს.

რა წერია ოპოზიციური პარტიების წერილში?

რამდენიმე დღის წინ პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიებმა წერილი გაუგზავნეს საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვენების საგარეო საქმეთა მინისტრებს. როგორც წერილში ვკითხულობთ, მათი სურვილი იყო, წერილს მინისტრთა საბჭოს სხდომამდე გასცნობოდნენ და მოთხოვნები ერთობრივად განეხილათ.

წერილში მიმოხილულია საქართველოში არსებული ვითარება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. აღწერილია 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების სქემები და მასშტაბები და აღნიშნულია, რომ ამგვარი ტოტალური გაყალბების უკან არა მხოლოდ ადგილობრივი ძალაუფლება, არამედ “რუსული სტილის ტაქტიკაა” გამოყენებული.

მართალია, წერილს ხელს არ აწერს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ აღნიშნულია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არც პრეზიდენტი სცნობს და არ აპირებს პარლამენტის მოწვევას. ოპოზიცია ბრიუსელს სწერს, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის თანხმობის გარეშე აპირებს პარლამენტის მოწვევას და მას იმპიჩმენტით ემუქრება. სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ექნება საშუალება, მის მიერ ნდობით აღჭურვილი პრეზიდენტი აარჩევინოს შესაბამის საბჭოს, რის შემდეგადაც მისი გავლენის ქვეშ მოექცევა ქვეყნის ბოლო დამოუკიდებელ ინსტიტუტი.

წერილში აღწერილია ის რისკები, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედგების ლეგიტიმურად ცნობასა და რუსული სტილის კანონების სრულად ამოქმედებას მოჰყვება ქვეყანაში. ისინი ევროკავშირს სთხოვენ, მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნას არჩევნების საერთაშორისო გამოძიების შესახებ.

“ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, ქართული ოპოზიცია, მივესალმებით ამას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს ამ შანსს და ეს გაზრდის ევროკავშირის გავლენას მმართველ პარტიაზე. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიყენოს ეს გავლენა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. გაყალბებულ არჩევნებს არ შეიძლება ევროკავშირმა ლეგიტიმაციის ბეჭედი დაუსვას”, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები და ამატებენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის შემთხვევაში “საქართველო უბრალოდ იქნება კიდევ ერთი საარჩევნო ავტოკრატია, სადაც არჩევნებს არ შეეძლება პოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლა”.

ოპოზიცია ბრიუსელს სთავაზობს ნაბიჯებს, რაც შეიძლება გამოიყენონ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის.

  1. არჩევნების საერთაშორისო გამიძიება ევროკავშირის ზედამხედველობით, ასევე, საარჩევნო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეფასება;
  2. მოწოდება “ქართულ ოცნებას”, არ მოიწვიოს პარლამენტის პირველი სხდომა საერთაშორისო გამოძების დასრულებამდე. მკაფიო განაცხადი, რომ გამოძიების გარეშე 26 ოქტომბრის არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი;
  3. მკაფიო განაცხადი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერება არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი;
  4. ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება არსებულ მოქმედ მთავრობასთან. მათ შორის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება; მაღალი დონის პოლიტკური დიალოგების გაუქმება; ტექნიკური თანამშრომლობის სხვა მექანიზმების გაყინვა იქამდე, სანამ “ქართული ოცნება” არ დათანხმდება არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას;
  5. ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის იქამდე, სანამ საერთაშორისო გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი. სანაცვლოდ, ოპოზიცია ევროკავშირს სთავაზობს საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებას სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. ასევე, საქართველოში დემოკრატიისა და არჩევნების დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მექანიზმების მხადასაჭერად.

წერილში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანია 2025 წელს ხელახალი არჩევნების ჩატარება უკეთესი საარჩევნო კამპანიის პირობებში, ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. თუმცა ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ოპოზიცია საჭიროდ თვლის, ევროკავშირმაც  ამგვარი ნაბიჯები გადადგას.

“ქართულ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ქართველ ხალხს – ყველას თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან ქართველი ერი ისწრაფვის დემოკრატიის გადასარჩენად”, – ვკითხულობთ წერილში.

მას ხელს აწერენ: მამუკა ხაზარაძე (“ძლიერი საქართველო”), ნიკა გვარამია (“კოალიცია ცვლილებებისთვის”), თინა ბოკუჩავა (“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”) და ბერდია სიჭინავა (“გახარია – საქართველოსთვის”).

მასალების გადაბეჭდვის წესი