ახალი რუსული კანონპროექტის მიხედვით, რომელმაც უნდა დაარეგულიროს „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ინდივიდების აქტივობები“, რუსეთი კიდევ უფრო ამძიმებს იმ კერძო პირების მდგომარეობას, რომლებსაც “აგენტის” სტატუსი აქვთ.
კერძოდ, თუ პირი, რომელიც „აგენტის“ სტატუსს ატარებს და იღებს შემოსავალს ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობიდან, შეეზღუდება წვდომა რუსეთში გამომუშავებულ ფინანსებზე მანამ, სანამ მას აგენტის სტატუსი არ მოეხსნება.
ამ საკითხზე რუსეთის დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას რუსულენოვანი მედია ავრცელებს.
კანონპროექტით, რომელსაც რუსეთის პარლამენტში 14 ნოემბერს დაარეგისტრირებენ და სავარაუდოდ მომდევნო კვირაშივე განიხილავენ, „აგენტებს“ დაევალებათ, რომ „შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავლისთვის“ გახსნან სპეციალური ანგარიში რუსულ რუბლში.
მსგავსი ანგარიში არაა აუცილებელი, რომ თავად უცხოური გავლენის აგენტმა გახსნას. თუ ის ამას არ გააკეთებს, „ვალდებულება დაეკისრება მას, ვინც აგენტს ფულს ურიცხავს“, — დააზუსტა ვოლოდინმა.
ვოლოდინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აგენტებს“ ამ ანგარიშზე განთავსებული თანხით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც აგენტის სტატუსი მოეხსნებათ. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომშესაძლოა, ამ ანგარიშიდან თანხა სასამართლოს განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხოს.
ვარაუდობენ, რომ ამ კანონპროექტს მეორე მოსმენისას დაემატება დებულებები, რომლებიც შეეხება უძრავი და მოძრავი ქონების გაყიდვიდან და გაქირავებიდან შემოსული თანხების განკარგვას და მათი ასევე სპეციალურ ანგარიშზე განთავსების ვალდებულებას. გამოდის, რომ „აგენტებს“ არა მარტო ჰონორარების, არამედ სხვა თანხების ათვისების შესაძლებლობაც მაშინ მიეცემათ, როცა აგენტის სტატუსს გაუუქმებენ.
როგორც რუსული მედია იუწყება, ოფიციალური მონაცემებით, 491 კერძო პირია მიჩნეული „აგენტად“. მათი უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ რუსეთიდან იღებენ თანხას საავტორო უფლებების გათვალისწინებით. „ამის მიუხედავად, თავს უფლებას აძლევენ, რომ შეურაცხყონ ჩვენი ქვეყანა და მისი მოქალაქეები. არც კი ერიდებათ, ისე ჰყვებიან, რომ მიღებულ თანხას ხარჯავენ, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად“, — განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
კანონპროექტს რუსეთის დუმაში დღეს დაარეგისტრირებენ, თუმცა ვოლოდინმა მასზე პირველად 7 ნოემბერს ისაუბრა და მაშინ ისიც განაცხადა, რომ დეპუტატები იმუშავებენ ისეთი ზომების შემუშავებაზე, რაც ბოლოს მოუღებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული „ქონების გამოყენებით რუსეთიდან გაქცეული აგენტების გამდიდრებას“.