ახალი ამბები

რუსეთში 68 წლის პედიატრს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით

12 ნოემბერი, 2024 •
რუსეთში 68 წლის პედიატრს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით

მოსკოვის ტუშინოს რაიონულმა სასამართლომ ხუთწელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა 68 წლის პედიატრს, ნადეჟდა ბუიანოვას. გამოძიება მას რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებდა ბრალს, იტყობინება „მედუზა“.

ბუიანოვას წინააღმდეგ საქმის აღძვრა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის პირადი ინიციატივა იყო. ამას წინ უძღოდა ბუიანოვას ერთ-ერთი პაციენტის დედის საჩივარი.

მისი, – ანასტასია აკინშინას, – თქმით, როცა ბუიანოვას უთხრა, რომ შვიდი წლის შვილს უკრაინასთან საომრად წასული და მოკლული მამა ენატრებოდა, პასუხად მიიღო, რომ იგი „უკრაინის კანონიერი სამიზნე იყო“. თავად ბუიანოვა ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.

მოსამართლის მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, სხდომაზე ორმა დასწრემ დაიწყო სკანდირება – „სირცხვილი! ფაშისტებო!“.

მასალების გადაბეჭდვის წესი